მეცხრე საუკუნეში, ბიზანტიის იმპერატორ ლეონ დიდის ზეობის ჟამს, კონსტანტინოპოლში ერთი წარჩინებული კაცი ცხოვრობდა, სახელად თეოგნოსტოსი. ერთხელ თეოგნოსტოსს ახალი მონები მიუყვანეს. მათ შორის იყო პატარა ბიჭი, წარმოშობით სკვითი, “შვილი წარმართთა”. ბიჭი მონათლეს და სახელად ანდრია უწოდეს. ბავშვი ზნეკეთილი, მორჩილი, გონიერი აღმოჩნდა. ბატონს შვილივით შეუყვარდა პატარა მონა, თავისთან დაიტოვა და მასწავლებლებს მიაბარა საღვთო წერილის შესასწავლად. ანდრია კარგად სწავლობდა, მარხულობდა, ხშირად დადიოდა ტაძარში და თავის მწირობასა და ობლობას, ტკივილსა და სევდას ლოცვით განიქარვებდა.